logo
ENG



ENKA-მ გადახნა ტერიტორია, სადაც გუშინ შსს-მ "რიონის დამცველების" კარვები დაშალა

12 აპრ 202114:14
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ ENKA გადახნა ტერიტორია, სადაც შსს-მ გუშინ, 11 აპრილს, "რიონის დამცველების" კარვები დაშალა სამძებრო სამუშაოების და მდინარის შესაძლო ადიდების მიზეზით. 

"რიონის დამცველები" ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც მათ კარვები ჰქონდათ გაშლილი, ერთ-ერთი აქტივისტის, ლალი ეფრემიძის იყო. 

თუმცა, კომპანია ენკა ამას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ადგილი ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან.

"კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.

2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია - კერძოდ, 70,171 ლარი (იხ. დანართი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რუკა და გადახდის ქვითარი).

ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა". - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში საპროტესტო აქცია გაიმართება. 

აქცია თავდაპირველად თბილისში, მთავრობის ადმინისტაციის წინ დაიგეგმა, თუმცა, გუშინ, 11 აპრილს განვითარებული მოვლენების გამო გუმათში გადაინაცვლა. 

გუშინ შსს-მ სოფელ ნამახვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა. მიზეზად უწყებამ მოსალოდნელი წყლის დონის განსაკუთრებული მატება და უსაფრთხოება დაასახელა. 

აქტივისტებმა კარვები გუმათში გადაიტანეს და გზა გადაკეტეს. რიონის ხეობის მცველებმა ღამე გუმათში გაათენეს. გზა ამ დრომდე გადაკეტილია. 

გუშინ შსს-მ მათ გადაკეტილი გზის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა. თუმცა, ამ დროის გასვლის შემდეგ არაფერი მოუმოქმედებია. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.


close დახურვა